შს მინისტრის მოადგილე – ლარსთან დაგეგმილ აქციაზე: "ასეთ დროს აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ"

28-09-2022 15:51:25 სამართალი

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ლარსის გამშვებ პუნქტთან დაგეგმილ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიცია კანონით დადგენილ ყველა ზომას მიიღებს.

მისი თქმით, საჭიროა შეკრების მონაწილეებმა კანონი დაიცვან.

„ნებისმიერ შეკრებაზე, მანიფესტაციაზე და სხვა ტიპის აქტივობებზე, საჭიროა დაიცვან კანონის მოთხოვნები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებს. ბუნებრივია, შსს ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისათვის, რომ ყველა პირის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ, რომ შეკრების ყველა მონაწილის უფლება იყოს დაცული",- განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, დარახველიძემ.

პოლიციამ პარტია „დროას“ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

„დროას“ წარმომადგენლები და აქტივისტები ამ წუთებში გველეთში, იმ გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის გადაწყვეტილებით, გვირაბში გასვლისა და ლარსამდე მისვლის საშუალება არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „დროას” წარმომადგენლები და აქტივისტები აქციას ლარსის გამშვები პუნქტის ნაცვლად გველეთში ჩაატარებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები