რუსულმა სახელმწიფომ და ბანკებმა ომში წასულთათვის საკრედიტო არდადეგების დაწესებაზე უარი განაცხადეს
28/09/2022 11:14:57 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფომ და ბანკებმა უარი განაცხადეს უკრაინაში ომში დაღუპულთა საბანკო კრედიტების გადახდასა და ახლადგაწვეულთათვის საკრედიტო არდადეგების შემოღებაზე, - იუწყება რუსული "კომერსანტი".
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები საკრედიტო არდადეგების შესახებ კანონპროექტის მიღებას დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით გეგმავდნენ თუმცა ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა დაფაროს კრედიტი მოქალაქის ომში დაღუპვის შემთხვევაში.
"როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რუსეთში სამობილიზაციო რეზერვში 25 მილიონი ადამიანი კვდება და მან არ იცის, ვისთან აპირებენ ბანკები მუშაობას, თუკი უარს განაცხადებენ ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებთან თანამშრომლობაზე" - განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალექსეი მოისეევმა. და იქვე დასძინა, რომ თუკი კანონი მაინც იქნება მიღებული, კრედიტების დაფარვა არა ბიუჯეტის, არამედ სწორედ ბანკების ხარჯზე მოხდება.
ცნობისთვის: სამხედრო მობილიზაცია ზრდის კრედიტების გაცემის რისკებს მათთვის, ვინც შეიძლება, ომში გაიწვიონ და ნებისმიერ მომენტში კრედიტი, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ დაცულად გამოიყურებოდა, შესაძლოა, სარისკოდ იქცეს, რის გამოც რუსული ბანკები ბოლო პერიოდში საკრედიტო პოლიტიკაში მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ.
გასულ 2021 წელს რუსეთში 30-40 წლის ასაკის მოქალაქეებზე ქვეყანაში გაცემული იპოთეკური სესხების 45% მოდიოდა, 30 წელზე ნაკლები ასაკის მოქალაქეებზე კი - 20%, ანუ ჯამში - 65%. სექტემბერში ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მოქალაქეთა ჯამური იპოთეკური დავალიანება 13 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა. ამასთან, მოვალეთა 50%-ზე მეტი სწორედ გაწვევის ასაკის იყო


