ბულგარეთი და პოლონეთი მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ
28/09/2022 10:47:02 მსოფლიო
ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.
"უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა, რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს", აცხადებენ პოლონეთის საგარეო უწყებაში.
მსგავს განცხადებას ავრცელებს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თანამოქალაქეებს ურჩევს, ყურადღებით აკონტროლონ როგორ განვითარდება ვითარება და დაუკავშირდნენ საელჩოს მოსკოვში და გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.


