Accentnews.ge
კიდევ ერთი ექსტრადაცია რუსეთში – თბილისი მოსკოვისთვის პატიმარს ამზადებს

კიდევ ერთი ექსტრადაცია რუსეთში – თბილისი მოსკოვისთვის პატიმარს ამზადებს

16/10/2019 04:58:50 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველო რუსეთს ძებნილ ჰაკერს იაროსლავ სუმბაევს მაინც გადასცემს. როგორც იუსტიციის სამინისტროში „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურეს, უწყებამ 28 წლის რუსი ჰაკერის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის ბრძანება გასცა.

„სუმბაევის საექტრადიციო ბრძანება გამოიცა 2019 წლის 30 სექტემბერს. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რომლის ფარგლებში ჩვენ საჭიროებისამებრ ვითხოვთ გარანტიებს ნებისმიერი სახელმწიფოსგან. ამჯერად ასეთი გარანტიები მიღებულია რუსეთიდან და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებსა და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ველოდებით მის ეტაპირებას. სუმბაევს ბრძანება ჩაბარდა 15 ოქტომბერს და როგორც მედიის საშუალებით ადვოკატისგან შევიტყვეთ, მას მიუმართავს სტრასბურგის სასამართლოსათვის, რაც მისი უფლებაა“, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინიტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას საქართველო მიმდინარე წლის მაისში აპირებდა, თუმცა მაშინ ექსტრადიციის პროცესი დროებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა. მიზეზი ის იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს სუმბაევისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე უნდა ემსჯელა.

ასტრახანის მკვიდრი იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა.

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც მან ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი  ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს დაკავშირებული.

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

ცნობისთვის: სექტემბერში საქართველომ რუსეთს ეთნიკური ჩეჩენი რამზან ახიადოვი გადასცა. როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ქართულმა მხარემ სარწმუნოდ მიიჩნია რუსეთის გენპროკურატურის დაპირება, რომ პატიმარი წამებას, ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას არ დაექვემდებარება, თუმცა უცნობია, როგორც განახორციელებს ქართული მხარე მონიტორინგს.    

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S