
ერდოღანი ამერიკულ სანქციებს პასუხობს
16/10/2019 04:47:22 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არასდროს გამოაცხადებს და ქურთულ ძალებთან მოლაპარაკებებზე არასრდოს წავა.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ბაქოდან დაბრუნების დროს ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ თურქეთი საბოლოო მიზანს არ მიაღწევს და დასძინა, რომ მათ არანაირი სანქციები არ ანაღვლებთ.
„ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებენ და გვეუბნებიან, რომ სამხედრო ოპერაცია შევწყვიტოთ. აანონსებენ სანქციებს. ჩვენი მიზანი ნათელია – არანაირი სანქციები არ გვანაღვლებს,“- განაცხადა ერდოღანმა.
რაც შეეხება ქალაქ მანბიჯში სირიის სამთავრობო ძალების განლაგების საკითხს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია.
„რეჟიმის მანბიჯში შესლა არცთუ ისე ნეგატიური ფაქტია. რატომ? ბოლოს და ბოლოს ეს მათი მიწაა. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ტერორისტული ორგანიზაციები არ დარჩნენ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, 15 ოქტომბერს მონჯაბიდან განხორციელებულ თავდასხმას თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და თურქეთი ამის სანაცვლოდ ასადის რეჟიმს „მძიმე ფასს გადაახდევინებს.“
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის განმარტებით, ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრებთან „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობაა. რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი სამხედროები პატრულირებენ სირიის და თურქეთის ძალებს შორის ფრონტის ხაზზე – ჩრდილოეთის ქალაქ მანბიჯთან, რათა ეს ძალები ერთმანეთისგან განცალკევებულნი დარჩნენ.
რუსეთი აცხადებს, რომ არ დაუშვებს შეტაკებებს თურქეთის და სირიის ძალებს შორის, იმ ფონზე, როცა თურქეთი იერიშს ახორციელებს ქურთთა ძალების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში.
"ამგვარი კონფრონტაცია უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ",– განაცხადა სირიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით გაემგზავრება თურქეთში, რათა მოლაპარაკებებით მიაღწიოს სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას.
პენსის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ აღარ აპირებს, მოითმინოს სირიაში თურქეთის შეჭრა და ანკარას ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მუწოდებს. მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ს თურქეთისთვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად თანხმობა არ მიუცია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს და თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.