
თბილისის მერია გლდანში მეტროს სადგურის მეორე ამოსასვლელის მოწყობის საკითხს განიხილავს
28/09/2022 08:05:52 საზოგადოება
თბილისის მერია გლდანში მეტროს სადგურის მეორე ამოსასვლელის მოწყობის საკითხს განიხილავს. დედაქალაქის მერ კახა კალაძის თქმით, მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრის" ჩასასვლელი პიკის საათში მგზავრთა არსებულ ნაკადს ვერ ატარებს.
"კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი, იქედან გამომდინარე, რომ ეს სტარატეგიული მნიშვნელობისაა, ამ ტერიტორიას დაიბრუნებს", - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გლდანი თბილისში ყველაზე დიდი უბანია. იქ 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მგზავრთა სიმრავლის გამო ყოველ დილით, პიკის საათში, მოქალაქეებს მეტროში ჩასასვლელად რამდენიმე წუთის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ.
მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრით" სარგებლობს მუხიანის დასახლებაც.