ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინის არმიამ ჩრდილო-აღმოსავლეთში შეტევა გააძლიერა"
28/09/2022 07:57:39 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის არმიამ გააძლიერა შეტევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
"უკრაინული ქვედანაყოფები ნელა მიიწევენ წინ, სულ მცირე, ორი მიმართულებით - მდინარეების, ოსკოლის და სევერსკი დონეცის აღმოსავლეთში", – აცხადებს დაზვერვის სამსახური.
მისი ინფორმაციით, რუსეთი ადრინდელზე უფრო მეტად ცდილობს თავდაცვის ხაზის განმტკიცებას, რადგან უკრაინის შეტევა საფრთხეს უქმნის რუსეთის პოზიციებს ლუგანსკის ოლქის ნაწილში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხერსონის ოლქში, სადაც მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფი რუსი სამხედროების პოზიციები კარგად დაცული არ არის.
"რუსეთი კვლავ ცდილობს წინ წაწევას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე სერიოზული ზეწოლა აქვს", – აცხდებს დაზვერვის სამსახური.


