თეთრი სახლის პრეს–სპიკერი: "რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, შეუძლიათ, აშშ-ს თავშესაფრისთვის მიმართონ"
28/09/2022 07:16:18 მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან, შეუძლიათ, აშშ-ს თავშესაფრისთვის მიმართონ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ საპროტესტო აქციებს რუსეთის ქუჩებში, ვხედავთ, რომ ადამიანები ხელს აწერენ პეტიციებს და ვფიქრობ, გზავნილი, რომელსაც ისინი ძალიან ნათლად გვიგზავნიან არის ის, რომ ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო, არაპოპულარულია. რუსეთში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ პუტინის ომში ბრძოლა ან ამისთვის სიკვდილი. მიგვაჩნია, რომ მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს და მათ ეს უნდა გააკეთონ", – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.


