
ხვალისთვის ლარსზე საპროტესტო აქცია დაანონსდა
27/09/2022 12:52:36 პოლიტიკა, საზოგადოება
ხვალისთვის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საპროტესტო აქცია ჩაინიშნა. აქცია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ორგანიზებით გაიმართება.
მოქალქეები 10:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ლარსისკენ გაემართებიან.
"რუსეთში “მობილიზაციის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 16 და 20 კილომეტრიანი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან ყოველდღიური რეალობაა.
რუსეთის მოქალაქეების უპრეცედენტო შემოდინება ზრდის რისკებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და რუსეთის FSB-ს შორის დადასტურებული თანამშრომლობის ფონზე, შეუძლებელი გახდება დადგენა იმისა, თუ ვინ კვეთს საზღვარს.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აპირებენ საზღვრის ჩაკეტვას და არც ნაკადის შეზღუდვას.
შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვეკისრება პასუხისმგებლიბა, ვიმოქმედოთ.
ვიკრიბებით, ხვალ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 10:00 სთ-ზე და მივდივართ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც 15:00 საათზე გაიმართება აქცია!", - აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.
პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
დღეს საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ "ქვეყანაში დღეში შემომსვლელი რუსების რაოდენობა 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით გაიზარდა".