
საქართველოს პატრიარქი: "დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა"
27/09/2022 10:12:18 საზოგადოება
"დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად".
"დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა მინდა მოგილოცოთ სამი დღესასწაული - ქეთევანობა, წამება მისი, ჯვართამაღლება და ალავერდობა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად.
აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს.
ჯვართამაღლება - ეს ისეთი დღესასწაულია, ჯვარს გამოსახავს ადამიანი თავისი ცხოვრებით. ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი - ადამიანებთან და ჩვენ ამით იმედს გამოვთქვამთ. მრავალ ადამიანს უნდოდა, დაემხო ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს, - ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი.
დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას.
ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი.
ჩვენთან არს ღმერთი!“,-ბრძანა პატრიარქმა.
ცნობისთვის: სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ახლობლები და რიგითი მოქალაქეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.