რა საკითხები განიხილა ზურაბიშვილმა კოლომინასთან შეხვედრისას
27/09/2022 10:08:06 მსოფლიო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.
"შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ნატოს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც დინამიურად ვითარდება, ასევე ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.
ამასთან, განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


