ყაზახეთი რუსეთს სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს არ გადასცემს
27/09/2022 09:19:52 მსოფლიო
ყაზახეთი რუსეთს არ გადასცემს მის მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის გამო სამხედრო კომისარიატები ეძებენ, თუკი მათ წინააღმდეგ აღძრული არ არის სისხლის სამართლის საქმეები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყაზახეთს და რუსეთს გაფორმებული აქვთ სამართლებრივი დახმარების და მსჯავრდებულების და დამნაშავეების ექსტრადიციის შეთანხმება და აქ მთავარი პრინციპია სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება. ახმეტჟანოვის განცხადებით, თუ რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ სამხედრო კომისარიატები ეძებენ, ეს არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს რუსეთისთვის მათ გადასაცემად.
"რადიო თავისუფლების" ყაზახური სამსახური შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, ყაზახეთში ჩავიდა რუსეთის 98 ათასი მოქალაქე და მათგან 64 ათასმა ქვეყანა უკვე დატოვა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე ცდილობს, ქვეყანა დატოვოს და სახმელეთო გზებით გადავიდეს ძირითადად, მონღოლეთის, ყაზახეთის და საქართველოს ტერიტორიებზე.


