მედია – რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებისგან შესაძლოა, ახალი ფედერალური ოლქი შექმნას
27/09/2022 06:23:34 მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა, ყირიმის ფედერალური ოლქი შექმნას, – იუწყება რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ყირიმის ე.წ. მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, მოსკოვმა ახალი ოლქის შემადგენლობაში შესაძლოა, შეიყვანოს ანექსირებული ყირიმი და უკრაინის კიდევ 4 რეგიონი: დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე, სადაც რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს ატარებს.
"ახალი ოლქის ხელმძღვანელად განიხილება სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ნატო–ში რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი. 2022 წლის ივლისამდე როგოზინი ხელმძღვანელობდა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსს". იგი დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაშია ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ", – იუწყება გამოცემა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ე.წ. რეფერენდუმების გამო რუსეთთან რაიმე სახის დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.


