Accentnews.ge
მედია – მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა

მედია – მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა

26/09/2022 10:20:52 მსოფლიო

„ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა, – იუწყება რუსული გამოცემა Новая газета. Европа პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ქვეყნიდან გასული კაცების ეს რაოდენობა 25 სექტემბრის მდგომარეობით ФСБ-ს მონაცემებს ეყრდნობა. თუმცა წყარო გამოცემასთან იმასაც ამბობს, რომ ФСБ აქამდე „სწრაფად არ მუშაობდა“, შესაბამისად ეს რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს.

Новая газета. Европа-თან წყარო რუსეთის საზღვრების შესაძლო დაკეტვაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი დაწყებულია და მას შემდეგ განიხილება, რაც ქვეყნიდან მოქალაქეებმა გაქცევა დაიწყეს. მაგრამ ჯერ–ჯერობით რუსეთის პრეზიდენტს საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S