
ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატი მისი მოადგილეც იყოს
26/09/2022 09:23:01 საზოგადოება
მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ მისი შემცვლელად დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატი მისი მოქმედი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყოს.
"ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს არის პირადად მისი გადასაწყვეტი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გიორგი ბურჯანაძე ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ საუბრობს.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. 31 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა და თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა. პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ჯგუფების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი დაასახელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეთავაზებულ კანდიდატებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს შერჩევის პროცესი ჯერ არ დაუსრულებიათ, პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა. საკუთარი კანდიდატები დაასახელეს იურისტებმა ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.