Accentnews.ge
პატრიარქი კირილი: "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპულები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან"

პატრიარქი კირილი: "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპულები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან"

26/09/2022 09:19:16 მსოფლიო

რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებით, "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას" დაღუპული ადამიანები თავს მსხვერპლად სწირავენ და ამით "ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან".

"ჩვენ ვიცით, რომ დღესდღეობით ბევრი ადამიანი იღუპება შიდა ომის ველებზე. ეკლესია ლოცულობს იმაზე, რომ ეს დაპირისპირება რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი ამ ძმათამკვლელ ომში. ამავდროულად, ეკლესია აცნობიერებს, რომ თუ ვინმე, მოვალეობის გრძნობით გამსჭვალული, ვინც ფიცის შესრულების აუცილებლობაზე ფიქრობს და ამ ფიცს ასრულებს, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას კვდება, მაშინ მისი ქმედება მსხვერპლის ტოლფასია. ის წირავს თავს სხვებისთვის. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებისას.

8 ივლისს კანადამ პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. მის წინააღმდეგ სანქციები ივნისში დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა. ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.

ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.

21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S