სლოვაკეთი არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებენ
26/09/2022 09:08:12 მსოფლიო
სლოვაკეთი არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებენ, – იუწყება გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს DPA
მისი ცნობით, სლოვაკეთი თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს. ბრატისლავა თვლის, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ყველა შემთხვევაში არ არის საკმარისი „ჰუმანიტარული ვიზის“ მისაღებად.
მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება პოლონეთმა, ჩეხეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ , ესტონეთმა და ფინეთმა მიიღეს.
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.


