ბლინკენი: "თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა"
26/09/2022 06:36:30 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ "თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა". ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რიტორიკა "უპასუხისმგებლოა".
„ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ, რომ ყველანი მოვიქცეთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ უპასუხისმგებლო რიტორიკას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ რუსებთან როგორც საჯაროდ, ისე პირადად, რომ შეაჩერონ ბირთვული იარაღის შესახებ უპასუხისმგებლო საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი. ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მან არ ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ იმოქმედებს აშშ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნა, რომ "ბაიდენის ადმინისტრაციას გარკვეული სამოქმედო გეგმა აქვს".
ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, ომი მთავრდება, ხოლო თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა დასრულდება.


