ირანში პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ — მედია
22/09/2022 12:28:25 მსოფლიო
ირანში, სადაც გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობს ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული პროტესტი, პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ,– იუწყება საერთაშორისო მედია.
პროტესტი, რომელიც 2019 წლის შემდეგ ირანისთვის ყველაზე მასშტაბურად ფასდება, ქალის მშობლიურ რეგიონში – ქურთისტანის პროვინციაში დაიწყო და ირანის ქალაქებს მოედო. დემონსტრანტთა შორის არის მსხვერპლი. ქურთული უფლებადამცველი ჯგუფი – Hengaw იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალები ცეცხლს უხსნიან აქციების მონაწილეებს და რომ ქურთებით დასახლებულ რეგიონებში დაღუპულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია. აღნიშნულს უარყოფს ოფიიალური თეირანი.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მინიმუმ რვა დაღუპულის შესახებ იუწყება. აქედან ოთხი უსაფრთხოების ძალების მიერ საფანტის ტყვიების ახლო მანძილიდან სროლის შედეგად დაიღუპა, კიდევ ოთხი — ამავე ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად.
Amnesty International-მა შეაგროვა მტკიცებულებები უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების დასაშლელად ფრინველებზე სანადირო საფანტის ტყვიებსა და ლითონის სხვა ელემენტების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტებით ცემის უკანონო გამოყენების შესახებ.


