ჩრდილოეთ კორეამ პუტინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ცნობებს ფხენიანის რეპუტაციის „შელახვის“ მცდელობად შეაფასა
22/09/2022 11:01:31 მსოფლიო
ფხენიანი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია და ამის გაკეთებას არც შემდეგში აპირებს,– იუწყება Associated Press ჩრდილოეთ კორეის სახელისუფლებო მედიაზე დაყრდნობით.
„უცნობია, საიდან გაჩნდა ჭორები, რომლებიც აშშ–ის მიერ გავრცელდა, მაგრამ ის მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის რეპუტაციის შელახვას“, - ციტირებს მედია ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს.
ჩრდილოეთ კორეის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვმა აშშ-ს დაზვერვის მონაცემებს „ყალბი“ უწოდა.
სექტემბრის დასაწყისში ამერიკულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან საარტილერიო ჭურვებსა და უმართავ რაკეტებს ყიდულობდა. ამის შესახებ ცნობებს მოიცავდა გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც The New York Times-ის რედაქტორებმა მოიპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ შესყიდვები შეიძლება, მიუთითებდეს რუსული ინდუსტრიის უუნარობასზე უკრაინაში დახარჯული საბრძოლო მასალის მარაგის დამოუკიდებლად შევსებისთვის.
მოგვიანებით ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო ხშირად იღებდა იარაღს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რადგან მარაგები შეუმცირდა.


