Accentnews.ge
ISW–ის მკვლევარები განმარტავენ, რატომ ვერ იქონიებს გავლენას რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე

ISW–ის მკვლევარები განმარტავენ, რატომ ვერ იქონიებს გავლენას რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე

22/09/2022 10:07:51 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს უკრაინის ომის მიმდინარეობაზე უახლოეს თვეებში, – იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ ასახა მრავალი პრობლემა, რომელსაც რუსეთი აწყდება უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის დროს და რომლის მოგვარებასაც მოსკოვი უახლოეს თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებს. პუტინის განკარგულება რუსეთის „მომზადებული“ რეზერვის ნაწილის, ანუ წვევამდელების მობილიზების შესახებ, თვეების განმავლობაში ვერ შექმნის რუსეთის მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას. ეს შეიძლება, საკმარისი იმისათვის იყოს, რომ 2023 წელს შენარჩუნდეს რუსეთის სამხედრო ძლიერების ამჟამინდელი დონე დანაკარგების კომპენსირებით, თუმცა ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველია“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ISW-ის მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ უკრაინას ზამთრამდე და ზამთარშიც მეტი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შესაძლებლობას არ წაართმევს.

ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ უცნობია, რამხელა რუსი რეზერვია უკვე ჩართული უკრაინის ტერიტორიაზე ომში.

„2021 წლის ნოემბერში დასავლურმა დაზვერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ათიათასობით რეზერვისტი გამოიძახა ომისწინა მობილიზაციის ფარგლებში. 2022 წლის ივნისში უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ჯარებმა 80 000 მობილიზებული სარეზერვო ჯარი გაგზავნეს უკრაინაში საბრძოლველად.რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, ომამდელი მობილიზაციის დროს გამოიძახეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი რეზერვები, რაც სავარაუდოდ, ადასტურებს, რომ ამჟამინდელი მობილიზაცია თავს მოუყრის ნაკლებად ბრძოლისუნარიან პერსონალს“.

ISW მიუთითებს, რომ რუსი რეზერვებისტები ცუდად არიან მომზადებულნი და გაწვევის ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ იმაღლებენ კვალიფიკაციას:

„რუსეთის სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, რაც წვევამდელებს მცირე დროს აძლევს, ისწავლონ, გახდნენ ჯარისკაცები. ამ საწყისი პერიოდის შემდეგ გადამზადების ნაკლებობა აჩქარებს ჯარისკაცის მიერ შეძენილი უნარების დეგრადაციას დროთა განმავლობაში. შოიგუმ (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) ისაუბრა "საბრძოლო გამოცდილების" მქონე რეზერვისტების გამოძახების განზრახვაზე, მაგრამ ძალიან ცოტა რუსი რეზერვისტს აქვს საბრძოლო გამოცდილება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უკრაინაში“.

ISW აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერალური სუბიექტები აგრძელებენ ფარულ მობილიზაციას, მიუხედავად პუტინის განცხადებისა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

„რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია წელს არ შეცვლის ომის მიმდინარეობას და შესაძლოა, არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის უნარზე, გააგრძელოს ოპერაციები ამჟამინდელ დონეზე მომავალ წელს. უკრაინამ და დასავლეთმა არ უნდა უგულებელყოს ეს და არც გააზვიადოს“,– აჯამებენ მოხსენების ავტორები.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის გუშინდელი გამოსვლა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც „მკაფიო მუქარა“, რომ რუსეთი გამოიყენებს ატომურ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, თუ უკრაინა გააგრძელებს კონტრშეტევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S