ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს "მშვიდობის ფორმულის" ხუთი პუნქტი შესთავაზა
22/09/2022 09:15:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ლიდერებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეოხიდის მეშვეობით ჩართვისას "მშვიდობის ფორმულის" ხუთი პუნქტი შესთავაზა, რომელთა შესრულდების შემდეგაც, შეიძლება, ომი დასრულდეს.
მისი თქმით, პირველია პუნქტია, სასჯელი საზღვრების დარღვევისა და ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის:
"უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული და ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასჯელს... უკრაინა ითხოვს დასჯას ჩვენი ტერიტორიის მოპარვის მცდელობისთვის. დასჯას ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის. დასჯას ქალებისა და მამაკაცების წამებისა და დამცირებისთვის. ამას ვითხოვთ არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის“.
მეორე პუნქტი არის ყველა სახელმწიფოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე; მესამე – უსაფრთხოების, მათ შორის სასურსათო და ბირთვული უსაფრთხოების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; მეოთხე - უსაფრთხოების გარანტიები; მეხუთე – მყარი გადაწყვეტილება დაიცვა და დაეხმარო.
ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გაგრძელებისკენ, ომის დასრულებამდე ქვეყნის იზოლირებისკენ, გაეროში ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ, რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ, ასევე რუსეთის დანაშაულების საქმეზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმის შემუშავებისკენ:
"რუსეთი ვალდებულია, გადაიხადოს ამ ომის ფასი თავისი აქტივებით. ესეც სასჯელია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მობილიზაციის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ მოსკოვი სერიოზულად არ უყურებს ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების გამართვას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაიმარჯვებს რუსეთის შეტევის მოგერიებაში და მისი ძალების განდევნაში. "ჩვენ შეგვიძლია უკრაინის დროშა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე დავაბრუნოთ. ამას იარაღის ძალით შევძლებთ, - თქვა პრეზიდენტმა ასამბლეაზე გამოსვლისას და დასძინა, - თუმცა, საამისოდ დრო გვჭირდება".
უკრაინის ომი მთავარი საკითხია გაეროს ასამბლეაზე, რომელიც იმართება თითქმის შვიდი თვის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან.


