სოცქსელები და მედია: მობილიზაციის ფონზე რუსეთის მოქალაქეები მასობრივად გარბიან საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში
21/09/2022 10:57:05 მსოფლიო
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ყიდულობენ ავიაბილეთებს თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს მიმართულებით, - იუწყება რუსული მედია და სოცქსელები.
როგორც გამოცემა «Вёрстка» წერს, 21 სექტემბრისთვის სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით ბილეთები პუტინის გამოსვლის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იყო ამოყიდული. ხოლო ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის გაქრა ბილეთები ტაშკენტის, ბაქოს, ბიშკეკისა და ასტანის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე, თუმცა გადაჯდომით მგზავრობის მსურველთათვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან პირდაპირი რეისით ქვეყნების შეზღუდული რაოდენობის მიმართულებით პირდაპირი ფრენაა შესაძლებელი. ასე, მაგალითად, საქართველოსკენ პირდაპირი რეისები 2020 წლიდან არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია თბილისში მოხვედრა, მაგალითად, სომხეთის ან თურქეთის გავლით. პორტალ Aviasales.ru-ს მონაცემებით, 22 სექტემბრისთვის მოსკოვი-ერევანი-თბილისის ავიარეისზე ბილეთის ფასი დაახლოებით ასიათას რუბლს, ანუ 1650 დოლარს შეადგენს.
ავიაბილეთებზე მოთხოვნამ ზრდა ჯერ კიდევ გუშინ 20 სექტემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსულ მედიაში პრეზიდენტ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს საგანგებო მიმართვები დაანონსდა.
ორიოდ დღით ადრე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაჩაქრებული წესით ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელშიც აისახა მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის დეფინიციები. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, რომელიც მობილიზაციას უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ ქვეყანას დატოვებს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
როგორც "რიანოვოსტი" ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრ კირილ კაბანოვზე დაყრდნობით წერს, ვინაიდან ოფიციალურად მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებაზე შეზღუდვა კანონით, არ უნდა ვრცელდებოდეს იმ მომენტამდე, სანამ მოქალაქე გაწვევის შესახებ ოფიციალურ უწყისს არ მიიღებს.
მედიასა და სოცქსელებში ასევე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაწვევის ასაკის მამაკაცებისგან უკვე ითხოვენ სამხედრო კომისარიატების მიერ გაცემულ შესაბამის ცნობებს რუსეთის რკინიგზის სადგურებშიც. სამობილიზაციო მზადების შესახებ რუსული კანონის თანახმად, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან კომისარიატების ნებართვის გარეშე გასვლა ეკრძალებათ.


