
"ავტობუსების თვალსაზრისით დედაქალაქს პრობლემა არ აქვს, პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა იწვევს"
21/09/2022 09:17:23 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში საკმარისი რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტია, თუმცა მგზავრთა გადაადგილებაში არსებული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული, რის გამოც იზრდება ავტობუსის მოცდის დრო და ვერ სრულდება გეგმით გათვალისწინებული ყველა მარშრუტი.
მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარეშე შეუძლებელია პრობლემის მოგვარება:
"არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებით მოგვარდება პრობლემა, თუმცა თუ არსებულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ მოვახდენთ ავტობუსების დამატებას, ეს დამატებითი პრობლემის შექმნა იქნება ქალაქისთვის, დამატებით ჩავხერგავთ მოძრაობას - შეუძლებელი იქნება მოძრაობა.
ავტობუსების თვალსაზრისით დედაქალაქს პრობლემა არ აქვს, პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ ახერხებს ავტომობილების და ავტობუსების გარკვეული რაოდენობის გატარებას", - თქვა თბილისის მერმა.
დღეს ქალაქში მხოლოდ ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მერის თქმით, ახალი 860 ავტობუსიდან ხაზზე ყოველდღიურად დადის 672 ავტობუსი, დაახლოებით 140 კი რეზერვშია - მისივე ინფორმაციით, წლების წინ დაახლოებით 430 "ყვითელი ავტობუსი" მოძრაობდა თბილისში.
"ჩვენ ვართ რეფორმის გარდამავალ ეტაპზე და ეს ქმნის გარკვეულ დისკომფორტს, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქის მომავლისთვის. ჩვენ თუ ერთიანად დავიწყებთ ყველა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, ეს კიდევ უფრო გაართულებს ქალაქში გადაადგილებას", - თქვა მერმა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს არსებული პრობლემების ამსახველი ფოტო–ვიდეომასალები სოციალურ ქსელებში ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება.