მაკრონი: "რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება"
21/09/2022 06:46:45 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი იმპერიალიზმში დაბრუნებაა, რომელიც ჯუნგლების კანონს ეფუძნებოდა.
მან ნეიტრალურ ქვეყნებს პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ 24 თებერვლიდან, არის დაბრუნება იმპერიალიზმისა და კოლონიების ეპოქაში. საფრანგეთი ამას უარყოფს. ეს მემკვიდრეობა, ჩვენი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ჩვენი არჩევანი, როგორც ერების, ალტერნატივის წინაშე დგას. დღეს ჩვენ გვჭირდება მარტივი არჩევანის გაკეთება, ძირითადად ომსა თუ მშვიდობას შორის. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აგრესიის აქტით, შეჭრით, ანექსიით დაარღვია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება. მან განზრახ დაარღვია გაერო-ს წესდება და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპები. არის ერთი რამ, როდესაც მე გესაუბრებით, უკრაინაში არის რუსული ჯარები და რამდენადაც ვიცი, რუსეთში უკრაინული ჯარები არ არიან – ეს ფაქტია. რუსეთმა ახლა უნდა დაინახოს, რომ მას არ შეუძლია, სამხედრო გზით დააწესოს თავისი ნება, მაშინაც კი, თუ იქნება ყალბი რეფერენდუმი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაბომბა და ახლა ოკუპირებულია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.


