Accentnews.ge
ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

21/09/2022 06:04:33 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში.

როგორც კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი „ტასი“ წერს, ლავროვის თვითმფრინავი რუსეთიდან აშშ-მდე ჩრდილოეთის გზით, „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გვერდის ავლით, 12 საათში ჩავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას ინფორმაციით, სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და ოცამდე ორმხრივ შეხვედრას გამართავს. თუმცა ვისთან, ზახაროვას არ დაუკონკრეტებია.

ნიუ-იორკში იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მისი განცხადებით, ლავროვთან კონტაქტს არ აპირებს.

უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-ს რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის ლავროვის წინააღმდეგ სავიზო სანქციები აქვს დაწესებული. გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-მა სერგეი ლავროვს ვიზა მისცა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით ნიუ-იორკში გასამგზავრებლად. დღეს, 21 სექტემბერს, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასაშუალებებს აცნობა, რომ აშშ-მა ვიზა არ მისცა ოფიციალური დელეგაციის 10-დან 2 წევრს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. დღეს, 21 სექტემბერს ასამბლეას ონლაინ მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 210 დღის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S