სალივანი - „რეფერენდუმებზე“: "ამ სცენარის განხორციელება ძვირი დაუჯდება"
20/09/2022 18:44:03 მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას და რომ ამ სცენარის განხორციელება რუსეთს ძვირი დაუჯდება.
„როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით, რუსეთი, როგორც ჩანს, მის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ახლა არც კი აკონტროლებს, რაც პირდაპირ აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცით, რომ ეს „რეფერენდუმები“ იქნება სრული მანიპულაცია და რუსეთი მას ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს. მკაფიოდ ვიტყვი, თუ ეს ქმედება განხორციელდება, ამერიკა არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლების ანექსიასაც ის შეეცდება. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს, გარდა როგორც უკრაინის ტერიტორიებისა“, – განაცხადა სალივანმა.
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების თაობაზე "რეფერენდუმის" დაანონსებს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
"რუსებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკანონო "რეფერენდუმი" HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს შეაჩერებს, რომ ჩვენს მიწაზე ოკუპანტები გაანადგურონ, გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხი გასცენ უკრაინის კონტრშეტევას", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“ და დასძენს, „ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება“.
ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის „ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ სალდომ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე ჩატარდება. ცნობილი ხდება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.


