რუსი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დაუშვეს
20/09/2022 13:10:54 მსოფლიო
ძიუდოში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი რუსების გარეშე ჩაივლის. რუსეთის ნაკრებს აკრძალული აქვს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, თუმცა ისინი ინარჩუნებდნენ იმედს, რომ შეჯიბრზე ნეიტრალური სტატუსით შეძლებდნენ მონაწილეობას. როგორც მაგალითად, ორი თვის მონაწილეობდნენ ულან-ბატორის გრან სლემზე. თუმცა, ამჯერად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან (IJF) თანხმობა ვეღარ მიიღეს.
რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ ვასილი ანისიმოვის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც, რუსი სპორტსმენები ყველა დიდ შეჯიბრებას არიან ჩამოშორებულნი.
ბოლო თვეებში უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ და უკრაინელმა ძიუდოისტებმა რამდენიმეჯერ გამოაცხადეს, რომ თუ IJF რუსებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნებისმიერი სტატუსით დაუშვებდა, მაშინ უკრაინის ნაკრები შეჯიბრებას ბოიკოტს გამოუცხადებდა.
მსოფლიოს ჩემპიონატს 6-13 ოქტომბერს ტაშკენტმა უნდა უმასპინძლოს და მასზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრული შემადგენლობით - ცხრა სპორტსმენით იჭიდავებს. ქალთა კონკურენციაში კი ორი ქართველი ჩაებმება.


