ლუჰანსკისა და ხერსონის ოლქებში ე.წ რეფერენდუმები გამოცხადდა, თარიღი არ კონკრეტდება
20/09/2022 11:06:12 მსოფლიო
უკრაინის ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციამ რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თარიღი განსაზღვრა. ამის შესახებ დღეს დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია.
დღესვე ლუჰანსკის სეპარატისტული პარლამენტის ე.წ დეპუტატებმა ოლქში ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირეს მხარი.
როგორც თანდართულ ბარათშია აღნიშნული, "გადაწყვეტილება მიღებულია ოლქის მცხოვრებთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე". და "რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ოლქის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს".
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში ანალოგიური რეფერენდუმის გამართვის საკითხზე "ზაპოროჟიეს ოლქის მოსახლეობის" ყრილობა იმართება. აღსანიშნავია, რომ საოლქო ცენტყრი - ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის კონტროლს ქვეშაა და ომის დაწყებამდე მასში ოლქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობდა.
ცნობისთვის: გუშინ, 19 სექტემბერს ე.წ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატები რეფერენდუმების დაუყოვნებლივი ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ. მიზნად "ტერიტორიების უსაფრთხოების დაცულობის უზრუნველყოფა" დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმები ადრეც არაერთხელ ინიცირებულა, თუმცა უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამასობაში უკრაინამ აგვისტოს ბოლოს ხერსონის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც სადღეისოდ მხოლოდ ძლიერდება.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს განაცხადა, რომ რუსული პარლამენტი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების ანექსირების შესახებ, თუკი რეფერენდუმების შედეგები ამის საფუძველს შექმნის:
კიევსა და საერთაშორისო თანამეგობრობას არაერთგზის განუცხადებიათ, რომ მსგავსი უკანონო რეფერენდუმების შედეგები არასოდეს იქნება აღიარებული.


