მედვედევი – უკრაინის ტერიტორიების მითვისების მცდელობაზე: "ისტორიული სამართლიანობა აღდგება"
20/09/2022 09:15:10 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია „ედინაია როსია“-ს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დონბასსა და „სხვა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ აუცილებელია „რეფერენდუმების“ ჩატარება, რადგან კიევს და დასავლეთს ამის "ეშინიათ“.
მედვედევი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ „დონბასში რეფერენდუმებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მცხოვრებთა სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენადაც“.
მედვედევის თქმით, „ეს მთლიანად შეცვლის რუსეთის განვითარების ვექტორს ათწლეულების განმავლობაში“ და არა მხოლოდ რუსეთისას, რადგან მის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების მიღების შემდეგ, „მსოფლიოში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს“.
როგორც მედვედევი წერს, „რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა დანაშაულია, რომლის ჩადენა შესაძლებელს ხდის თავდაცვის ყველა ძალის გამოყენებას“ და ამასთან, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ, რუსეთის ვერცერთი მომავალი ხელმძღვანელი ვერ შეძლებს ამ გადაწყვეტილების უკან დაბრუნებას.
უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, 2014 წლიდან რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა, დაიწყეს რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად "რეფერენდუმების" ჩატარებაზე მუშაობა. ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „მეთაურმა“ დენის პუშილინმა. მან „რეფერენდუმებს“ უწოდა „გადამრჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, რომელიც „უსაფრთხოს გახდის სამოქალაქო პირების ცხოვრებას“.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.
კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთი კონცენტრიდა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებზე, მათ შორის ხარკოვის ოლქზე. უკრაინამ ოლქი სექტემბერში კონტრშეტევის შედეგად გაათავისუფლა. რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს სექტემბრისთვის გეგმავდნენ ხერსონის და ზაპოროჟიეს პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციები, თუმცა, ხარკოვზე უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული შეტევის შემდეგ, "რეფერენდუმების" ჩატარება გადადეს. ამჟამად უკრაინის არმია რუსი სამხედროების პოზიციებს უტევს როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის მიმართულებებით.


