"თალიბანი" აცხადებს, რომ ამერიკელი ინჟინერი დაჯგუფების მაღალჩინოსანში გაცვალეს
19/09/2022 12:00:48 მსოფლიო
ავღანეთის მმართველი დაჯგუფება "თალიბანი" აცხადებს, რომ ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერიკსი დაჯგუფების მაღალჩინოსნის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კერძოდ, "თალიბანის" საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამირ ხან მუტაკიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინჟინერი ჰაჯი ბაშირ ნურზაიში 19 სექტემბრის დილით ქაბულის აეროპორტში გაცვალეს.
ჰაჯი ბაშირ ნურზაი 2005 წელს შეერთებულ შტატებში დააკავეს და ბრალი 50 მილიონი დოლარის ღირებულების ჰეროინის კონტრაბანდაში წაუყენეს. 2009 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
რაც შეეხება ამერიკელ ინჟინერს, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი ათი წელი მუშაობდა ავღანეთში განვითარების პროექტებზე. იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისში გაიტაცეს.
ავღანელმა თალიბებმა 2021 წლის აგვისტოში ხელმეორედ აიღეს ხელში ძალაუფლება ქვეყნიდან დასავლური კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ.


