
ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევა პროგრესირებს – ISW
19/09/2022 08:06:36 ევროპა
ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევა პროგრესირებს, ხოლო რუსული ჯარები, როგორც ჩანს, ცდილობენ მის შენელებას და უკან დახევას უკეთესი თავდაცვითი პოზიციებისკენ,– ნათქვამია აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში.
„რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ, განახორციელონ უფრო მიზანმიმართული და კონტროლირებადი გადასვლა ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, რათა თავიდან აიცილონ ქაოტური გაქცევა, რომელიც ამ თვის დასაწყისში ახასიათებდა ხარკოვის რეგიონში რუსეთის თავდაცვითი პოზიციების შლას“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსული ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხერსონის რეგიონის დასავლეთით, მათ შორის – საჰაერო სადესანტო დანაყოფები და 1-ლი გვარდიის სატანკო არმიის, სულ მცირე, ზოგიერთი ქვედანაყოფი.
„ეს, ალბათ, უფრო პროფესიონალური, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი დანაყოფები კონცენტრირებულია ხერსონის რეგიონის მცირე ტერიტორიაზე და მზად იყვნენ მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის. როგორც ჩანს, ისინი ბევრად უკეთ მოქმედებენ, ვიდრე მოქმედებდნენ რუსული ძალები ხარკოვის რეგიონში. ხარკოვის რაიონში უკრაინელებმა გაანადგურეს 1-ლი გვარდიის სატანკო არმიის რამდენიმე შენაერთი, ისინი აიძულეს, გაქცეულიყვნენ და ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ტექნიკა“,– ნათქვამია ანგარიშში.
ISW –ის ანალიტიკოსების ხედვით, ხარკოვსა და ხერსონში დისლოცირებული რუსული ძალების მოქმედებებს შორის სხვაობა შესაძლოა, განპირობებული იყოს ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარების დაბალი კონცენტრაციით და ასევე იმით, რომ იქ უკრაინის კონტრშეტევამ გააოცა რუსი სამხედროები.
ამასთან, ამავე ანგარიშის მიხედვით, უკრაინის უწყვეტი თავდასხმები რუსეთის სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებზე (GLOC) მდინარე დნეპრის გასწვრივ ხერსონის რეგიონის დასავლეთით, „როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტად გავლენას ახდენს რუსეთის მარაგებზე მარჯვენა სანაპიროზე“ - ბოლო ცნობები მიუთითებს საკვებისა და წყლის ნაკლებობაზე და რუსეთის საარტილერიო ცეცხლის მინიმუმ, დროებითი შემცირება.
„მოუმზადებელი მარიონეტული ქვედანაყოფები ჩამოიშალა რუსეთის ფრონტის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთში, რამაც უკრაინელებს საშუალება მისცა, წინ წასულიყვნენ. უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, დაიბრუნებენ დასავლეთ ხერსონის ოლქის დიდ ნაწილს, თუ არა მთელს, უახლოეს კვირებში, თუ ისინი გააგრძელებენ რუსული ლოგისტიკის დაბრკოლებას და შემდგომ წინსვლას. უკრაინის პროგრესი შეიძლება, გაგრძელდეს ნელა, თუ რუსული ძალები იმოქმედებენ კოორდინირებულად, მაგრამ ასევე შეიძლება მნიშვნელოვნად დაჩქარდეს რუსული ძალების შლა“, - ხაზს უსვამს ISW.
ანგარიშში ასევე ნათქვამია:
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად ეყრდნობა არარეგულარულ, ცუდად გაწვრთნილ სპეციალურ მოხალისეთა და მარიონეტულ დანაყოფებს, ვიდრე ცდილობს, აღადგინოს დაზიანებული ან განადგურებული რუსული სახმელეთო ჯარების ჩვეულებრივი ნაწილები.
- უკრაინის ჯარები აგრძელებენ პოზიციების გამაგრებას ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ისინი შეალავოს.
- რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინისთვის ბრძოლაში და განსაკუთრებით ხარკოვის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევის დროს დამანგრეველი დანაკარგები განიცადეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თვალსაზრისით. რამდენიმე რუსული ჯავშანტექნიკა და მექანიზებული ქვედანაყოფი სავარაუდოდ, ფაქტობრივად, განადგურდა.