კრემლი:პუტინმა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის ლიდერებს პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა
18/09/2022 12:36:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ მათ სატელეფონო საუბრისას ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
"პუტინმა მხარეებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია და მიიღონ ზომები სიტუაციის რაც შეიძლება მალე გადასაჭრელად, მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე 14 სექტემბერს მკვეთრად გაუარესდა. დაპირისპირება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო პოლიციის ჯგუფებს შორის მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური ირწმუნება, რომ "პარასკევს ტაჯიკეთის მხარემ დაიწყო მისი სასაზღვრო რაზმების დაბომბვა. შეტაკებები დაფიქსირდა არა მარტო ბატკენში, არამედ ლეილეკის რაიონშიც".
ბიშკეკი კი ირწმუნება, რომ "ტაჯიკური მხარე იყენებდა ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ნაღმმტყორცნებს, აგრეთვე მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს დარტყმისთვის, მათ შორის დასახლებებზე".


