კლიმენკო:"საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფაქტებზე 1358 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული"
17/09/2022 08:49:30 მსოფლიო
უკრაინაში საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფაქტებზე უკვე აღძრულია 1358 სისხლის სამართლის საქმე. თანამშრომლობითი საქმიანობის შესახებ ეჭვი 223 უკრაინელს გამოუცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
კლიმენკომ აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილთა უმეტესობა საოკუპაციო ადმინისტრაციებსა და სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა - თითქმის ყველა მათგანი რუსეთში გაემგზავრა. თუმცა, კოლაბორაციონიზმის საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და პედაგოგები. ამ დროისთვის ცნობილია 19 ასეთი შემთხვევა, მათგან ოთხი ეჭვმიტანილია.
ისინი „სკოლებში რუსული პროგრამების მიხედვით ასწავლიდნენ, ტვინს ურეცხავდნენ არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მოსწავლეებსაც“, - თქვა კლიმენკომ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა დასძინა, რომ ახლა ისინი ამოწმებენ სოფლის საკრებულოს იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც ადგილობრივების თქმით, "რუსებს ყვავილებით მიესალმნენ, საკვები და ინფორმაცია მიაწოდეს".
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 6 სექტემბრიდან, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინის არმიამ ხარკოვის რეგიონში სულ მცირე 388 დასახლება გაათავისუფლა, ხოლო დონეცკის ოლქში ერთი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით. რუსულმა ჯარებმა დატოვეს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთი რაიონები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაყვანა „გადაადგილებით“ ახსნა.


