პუტინი – უკრაინაში მის მიერ გაჩაღებულ ომზე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს“
16/09/2022 14:15:41 მსოფლიო
რუსი სამხედროების ხარკოვიდან უკან დახევის შემდეგ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, „რათა უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", მაგრამ, მისი თქმით, კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე და სამხედრო გზით წასვლა გადაწყვიტა.
„მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ - ბრძოლის ველზე“, - უპასუხა პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის რეპლიკას, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ "ახლა ომის დრო არაა" და ხაზი გაუსვა, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთხრა ტელეფონით.
მათ შორის შეხვედრა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, სამარყანდში შედგა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი უკრაინის სრული დეოკუპაცია, მათ შორის ყირიმის ანექსიის დასრულებაა.


