Accentnews.ge
NDI – გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად

NDI – გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად

16/09/2022 10:57:40 პოლიტიკა, საზოგადოება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად.

კერძოდ, გამოკითხულთა 51% და 53% მიიჩნევს, რომ შესაბამისად საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. 33% და 32% მიიჩნევს, რომ შესაბამისად საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად. მხოლოდ 3-3% მიიჩნევს, რომ საქართველოს არც პარლამენტი და არც მთავრობა არაფერს არ უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდაჭერად.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობას კვლავ სჯერა, რომ ომი რუსეთის ბრალია, თუმცა მიმდინარე წლის მარტის მონაცემებთან შედარებით ამ ადამიანების რაოდენობა მაინც შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, თქვენი აზრით ვისი ბრალია უკრაინაში ომი, გამოკითხულთა 58% რუსეთს, ასახელებს, თუმცა მიმდინარე წლის მარტში რუსეთს 67% ასახელებდა. 18% მიიჩნევს, რომ ომი ვლადიმერ პუტინის ბრალია, 11% ფიქრობს, რომ ამაში თავად უკრაინის ბრალეულობაა, 4% ბრალს ევროკავშირს სდებს, 2% კი ნატო-ს.

NDI–ს ცნობით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S