
ანკარა ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვას გეგმავს
14/10/2019 17:29:24 სხვა, მსოფლიო
ანკარა გმობს ევროკავშირის გადაწყვეტილებას თურქეთისთვის იარაღის მიყიდვის შეზღუდვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ორგანიზაციასთან არსებულ ურთიერთობებს გადახედავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელი გადაწყვეტილება „უკანონო და უსაფუძვლოა“.
„ანკარა სერიოზულად გადახედავს ევროკავშირთან რიგ სფეროებში თანამშრომლობის საკითხს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თურქეთისთვის იარაღის მიყიდვას ზღუდავენ, თუმცა ემბარგოს არ უწესებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
იტალიამ, რომელიც თურქეთისთვის იარაღის მთავრი მიმწოდებელია, განაცხადა, რომ შეაჩერებს ანკარისთვის იარაღის მიყიდვის პროცესს. მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, ფინეთმა და შვედეთმა.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ანკარისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზეც შეთანხმდნენ, რომელიც თურქეთის მიერ კვიპროსის შელფზე დაწყებულ ბურღვით სამუშაოებს უკავშირდება.
ცნობისთვის: 9 სექტემბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.