
NDI–ს კვლევა – როგორ აფასებენ რესპონდენტები პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობას
16/09/2022 09:23:24 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.
გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% - კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% - კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 9%-მა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, ამავე კვლევის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% - კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. 2022 წლის მარტში, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 26% -კარგად, 32% - საშუალოდ, 36% - ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 6%-მა.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.