
NDI–ს კვლევა: მოსახლეობის რომელი ჯგუფები უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას
16/09/2022 09:18:37 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უჭერენ.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.