
NDI –გამოკითხულთა 72%-სთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისისთვის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია
16/09/2022 09:00:16 პოლიტიკა, საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 72%-სთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისისთვის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ 32% მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს.
23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ რესპონდენტთა უმრავლესობას (62 %) სმენია. მათი უმეტესობა (56 %) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.
საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ივნისის მოვლენებს ევროინტეგრაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს, საქართველოს მოსახლეობის გზავნილი ნათელია: ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. ამ საკითხზე საქართველოს მოქალაქეების თანმიმდევრული შეხედულებები პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ მათ საკუთარი ძალისხმევა ქართველი ხალხის ამ ურყევი სურვილის ასრულებისკენ მიმართონ“, – აცხადებს ალან გილამი NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.