უკრაინის გენშტაბი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
16/09/2022 06:36:38 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 11 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა და 96 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.
"თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 6 დასახლებულ პუნქტთან. ბოლო 24 საათში უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე 18 დარტყმა განახორციელა, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი, რუსული ძალების პოზიციებს 3 რაიონში შეუტიეს. დადასტურებულია 13 პუნქტისა და 5 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის განადგურება", – აცხადებს გენშტაბი.
მისი ცნობით, მოწინააღმდეგე ცდილობს, დამალოს მასობრივი დანაკარგი პირად შემადგენლობაში:
"რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ხერსონი რუსი ჯარისკაცების გვამებით სავსე სატვირთო ავტომანქანებმა დატოვეს".
უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები. 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.


