ლაიენი – ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იმ სამხედრო აღჭურვილობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება"
15/09/2022 16:31:58 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს მიმართა, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით ვალდებულებებს არ ასრულებენ.
"მივმართავ, ყველა წევრ სახელმწიფოს: აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იმ სამხედრო აღჭურვილობით, რომელიც ქვეყანას საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუ ისინი კარგად აღჭურვილნი იქნებიან. ეს არის ზოგადი რეკომენდაცია ყველა წევრი სახელმწიფოს მამართ", – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცოტა ხნის წინ უკრაინამ გერმანია გააკრიტიკა. როგორც კიევი აცხადებს, ბერლინიდან "იმედგამაცრუებელი გზავნილები მოდის და უკრაინას გერმანიის მიერ დაპირებული სამხედრო აღჭურვილობა სრულად ამ დრომდე არ მიუღია".
რუსების მიერ ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის ნაწილის ხელახლა აღების შემდეგ უკრაინამ გააძლიერა მოწოდებები შეიარაღებისა და აღჭურვილობის კიევისთვის გაგზავნის თაობაზე.


