რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ მასმედიის ლიცენზია ჩამოართვა
15/09/2022 13:12:16 მსოფლიო
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ "ნოვაია გაზეტას" მასმედიის ლიცენზია გაუუქმა. მანამდე ლიცენზია გაუუქმდა ბეჭდურ გამოცემას და ჟურნალ-დანართს "ნო"-ს.
"როსკომნდაზორმა" ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა ორი ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, რომელიც უცხო აგენტების სიაში შეყვანილი ორგანიზაციის ხსენებისას შესაბამისი მარკირების გაკეთებას ეხებოდა.
"ნოვაია გაზეტა" 1993 წლიდან გამოდიოდა, რედაქცია რეგულარულად იღებდა რუსულ და საერთაშორისო პრემიებს საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობისთვის, მის მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვს, მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.
მარტში რედაქციამ მუშაობა შეაჩერა, რაც იმით განმარტა, რომ რუსეთში შემოღებული სამხედრო ცენზურის პირობებში, მოვლენების გაშუქება შეუძლებელი გახდა. ამის მიუხედავად, გაზეთის საიტი და მისი დანართი დაბლოკეს.
გარდა ამისა, "როსკომნადზორმა" დაბლოკა "ნოვაია გაზეტა – ევროპის" საიტიც, რომელიც რიგაში დაარსდა გამოცემის ყოფილი თანამშრომლების მიერ.


