მედია – პუტინი შეშფოთებულია, რომ მაღალჩინოსნები ალკოჰოლურ სასმელებს უფრო ხშირად მიირთმევენ
15/09/2022 10:02:04 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსი მაღალჩინოსნები ალკოჰოლურ სასმელებს უფრო მეტად და უფრო ხშირად სვამენ, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძალიან აშფოთებს, – იუწყება საერთაშორისო რუსულენოვანი გამოცემა „მედუზა“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ალკოჰოლიზმის პრობლემის და პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის შესახებ პუტინის განცხადებებზე, რომლებიც მან აგვისტოში გააკეთა ვლადიმირის და კიროვის ოლქების გუბერნატორებთან შეხვედრისას.
როგორც „მედუზა“ წერს, ეს ორი ოლქი არ არის რუსეთის იმ რეგიონებს შორის, სადაც ალკოჰოლიზმის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებია, ამიტომ, პუტინის განცხადებებმა გუბერნატორები გააკვირვა.
"რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები გამოწვეული იყო არა სტატისტიკით, არამედ ზოგადი ვითარებით. ხალხი თებერვლიდან სტრესს ასე იხსნის. მინისტრები, მათი მოადგილეები, ზოგიერთი ვიცე-პრემიერიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს თანამშრომლები, სახელმწიფო კორპორაციების ხელმძღვანელების ნაწილი, გუბერნატორები“, - განუცხადა „მედუზას“ კრემლთან დაახლოებულმა პირმა. მისი და კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, "სტრესის ძირითადი მიზეზია უკრაინაში შეჭრით და სანქციებით გამოწვეული ზარალი და არა მარცხი, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე განიცდის".
გამოცემის წყაროთა ცნობით, რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებში ალკოჰოლის გამოყენებამ პუტინი მას შემდეგ შეაშფოთა, რაც ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ იკარგება, ზოგი კი, პრეზიდენტს ანგარიშებს გაუგებრად და არეულად აბარებს და ამას უკვე ყველა ხედავს. ამასთან, „მედუზას“ წყაროები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასეთი ხალხის სამსახურიდან გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს.


