შოლცი:"პუტინს უკრაინის ომთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია"
14/09/2022 18:59:50 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის ომის საკითხში პოზიცია არ შეუცვლია.
"სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვში გაიზარდა იმის აღქმა, რომ ამ ომიდ დაწყება დიდი შეცდომა იყო" - განუცხადა Bild-ს შოლცმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აუცილებლად თვლის რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის გაგრძელებას.
"ღრმად მწამს, რომ მას მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ ჩვენი პოზიცია: რუსეთი უნდა გავიდეს, უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი, რათა რეგიონს მშვიდობის შანსი მიეცეს და ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ ეს ერთადერთი პერსპექტივაა" - განაცხადა შოლცმა.
ცნობისთვის: გუშინ, 13 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 1,5-საათიანი სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც რუსეთის ლიდერს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა, - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ჰებესტრაიტმა.
მისივე ინფორმაციით, შოლცმა მოუწოდა პუტინს, უმოკლეს ვადებში იქნას ნაპოვნი დიპლომატიური გადაწყვეტილება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარის სრულად გაყვანას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას დაეფუძნება.
“მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანექსიის მიმართულებით რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული” – განაცხადა ჰებესტრაიტმა.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო სასურსათო კრიზისს და გერმანიის კანცლერმა მოუწოდა პუტინს, ამიერიდან სრულფასოვნად შეასრულოს ე.წ. ხორბლის შეთანხმება მისი დისკრედიტაციის ნაცვლად.
ცნობისთვის: 7 სექტემბერს შოლცი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელთანაც “საკითხთა ფართო სპექტრი” იქნა განხილული.


