ჰოჯესი: უნდა ვემზადოთ რუსეთის დაშლისათვის
14/09/2022 18:03:31 მსოფლიო
კრემლი ნდობის ისტორიულ კრიზისს შეეჩეხა, პუტინი იმდენად დასუსტებულია, რომ შესაძლოა, მოწმენი გავხდეთ არამარტო მისი რეჟიმის, არამედ რუსული სახელმწიფოს დასასრულისა, - თვლის ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.
როგორც მან The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის ფედერაცია 120-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს და მისი კრახი შეიძლება, თანდათანობითი აღმოჩნდეს, მაგრამ შეიძლება, უცაბედ არაკონტროლირებად და ძალისმიერ მოვლენად იქცეს.
ჰოჯესი სამ ფაქტორს ასახელებს, რომელმაც, მისი აზრით, შესაძლოა, რუსეთის დაშლა გამოიწვიოს: რუსული არმიისადმი ნდობის მორყევა, რუსული ეკონომიკის დაზიანება, მოსახლეობის შედარებითი სიმცირე ესოდენ მასშტაბური ტერიტორიისთვის.
"თუ ჩეჩენი მებრძოლები დამოუკიდებლობისთვის ახალი ომის წამოწყებას გადაწყვეტენ, სად იპოვის პუტინი რესურსებს დღეს, როდესაც მას უკრაინაზე უკვე ამდენი აქვს დახარჯული?! მას უდავოდ ესმის, რომ თუ ჩეჩნები მსგავს ომს სწრაფად მოიგებენ, ეს ფედერაციაში ანალოგიურ ჯანყებს გამოიწვევს"- განმარტავს ამერიკელი გენერალი.
ამასთან, ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო არასათანადოდ ემზადება რუსეთის ფედერაციის პოტენციური დასასრულისთვის. "უკვე დღეს არის აუცილებელი მზადება და ფიქრი იმაზე, ვინ მიიღებს ასეთ შემთხვევაში ბირთვულ იარაღს, როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული იარაღისა და "ბოევიკების" "გაჟონვა" და ზოგადადაც, შესაძლებელია თუ არა კრახის შეზღუდვა პოლიტიკური კონტექსტით. ჩვენმა უუნარობამ, 30 წლის წინ რუსეთის იმჟამინდელი კრახისთვის მოვმზადებულიყავით, პუტინის პრეზიდენტობამდე ან გაპრეზიდენტებამდე მიგვიყვანა. მეორედ მსგავსი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - დასძინა ჰოჯესმა.


