Accentnews.ge
სომხეთი აზერბაიჯანული მხარის მიერ რუსულ სასაზღვრო პუნქტზე დარტყმას ადასტურებს

სომხეთი აზერბაიჯანული მხარის მიერ რუსულ სასაზღვრო პუნქტზე დარტყმას ადასტურებს

14/09/2022 14:23:22 მსოფლიო

აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში რუსეთის სასაზღვრო ჯარების განთავსების პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაზიანებულია როგორც შენობა, რომელშიც რუსი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ, ისე მათი კუთვნილი ტექნიკა, - იუწყება სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.

სომხური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან იმ მომენტისთვის (13 სექტემბერი, გამთენიისას) პირადი შემადგენლობა დისლოკაციის ადგილიდან იყო გაყვანილი.

სომხური მხარის ვარაუდით, რუსული სასაზღვრო პუნქტი ცეცხლის ქვეშ შესაძლოა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ღამის საარტილერიო დარტყმების დროს მოყოლილიყო.

სომხურ ტელეგრამ-არხ “პარალელის” ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ რუსი მესაზღვრეების ბაზის გარდა, რუსული სამხედრო კოლონაც დაბომბა. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა მსხვერპლი ამ ინციდენტს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს დაბომბილი ტექნიკა, რომელთაგან ერთ-ერთზე რუსეთის დროშაა დამაგრებული.

13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.

კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.

რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".

დღეს ცნობილი გახდა, რომ ОДКБ-ის სომხეთში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 14 სექტემბერს იწუეყბა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–სპიკერის თქმით, "წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა". ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.

აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, მათ კი „საპასუხო ზომებს მიმართეს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S