ლავროვი აშშ-ში ჩადის
14/09/2022 06:50:12 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიიღო ვიზა აშშ-ში, ნიუ-იორკში გაერო–ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გასამგზავრებლად, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, მოსკოვმა ვაშინგტონს 56 ვიზა სთხოვა, თუმცა შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ 24 ვიზა გასცა.
ამასთან, მისცა თუ არა ვაშინგტონმა ვიზები ლავროვის თვითმფრინავის ეკიპაჟს, თუ ლავროვი კომერციული ავიახაზებით გაფრინდება ნიუ-იორკში ამ დროისთვის უცნობია.
გაერო–ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია 20-26 სექტემბერს გაიმართება.
რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემის საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ვაშინგტონის სანქციების გამო.
1947 წლის გაეროს შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებით, შეერთებული შტატები, ზოგადად, ვალდებულია უცხოელ დიპლომატებს მისცეს გაერო–ს ღონისძიებებზე ჩასვლის შესაძლებლობა. მაგრამ ვაშინგტონი აცხადებს, რომ მას შეუძლია, უარი უთხრას დიპლომატებს ვიზებზე უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის მოტივით.


