მუნიციპალური საბჭო, რომლის წევრებმა პუტინის იმპიჩმენტი მოითხოვეს, შესაძლოა, დაშალონ
13/09/2022 21:59:27 მსოფლიო
პეტერბურგის სმოლნინსკის რაიონულმა სასამართლო გადაწყვიტა, რომ რაიონის მუნიციპალური საბჭო, რომლის დეპუტატებმა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი და გადადგომა მოსთხოვეს, უნდა დაიშალოს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მუნიციპალური დეპუტატი ნიკიტა იუფერევი იუწყება.
«ჩვენი მუნიციპალური საბჭო შესაძლოა, დაშალონ. მოსამართლემ პროკურატურის სარჩელის საფუძველზე საბჭო “უმოქმედობაში” დაადანაშაულა. ახლა საკითხს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი წყვეტს: მასზეა დამოკიდებული, დაგვშლიან თუ არა», — წერს Twitter-ში იუფერევი.პეტერბურგელმა დეპუტატებმა სახელმწიფო სათათბიროს 7 სექტემბერს მიმართეს. მათი განცხადებით, ომის დაწყების მომენტიდან პუტინის მოქმედებები ექვემდებარება კონსტიტუციის 93-ე მუხლს: პრეზიდენტი შეიძლება, გადააყენონ სახელმწიფო სათათბიროს მიერ სახელმწიფო ღალატში დადანაშაულების შემთხვევაში. დეპუტატების განმარტებით, პუტინი “ვნებს როგორც რუსეთის, ისე მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას».
სახელმწიფო სათათბიროსადმი ამ მიმართვის 5 ხელმომწერის მიმართ “რუსეთის არმიის დისკრედიტაციის” ბრალდებით პროტოკოლებია შედგენილი.
მიუხედავად ამისა, ხელმომწერთა რაოდენობა ამის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა: ახლა მიმართვას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალური საბჭოების დეპუტატები აწერენ ხელს.


