WSJ: "უკრაინა ამერიკისგან 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედ შეიარაღებას ითხოვს"
13/09/2022 08:51:05 მსოფლიო
უკრაინა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან დამატებითი შეიარაღების, მათ შორის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების, მიწოდებას ითხოვს. ამის შესახებ The Wall Street Journal იმ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც უკრაინის მთავრობამ ამერიკელ კონგრესმენებს გაუგზავნა.
სიაში შედის 29 ტიპის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩამონათვალი, მათ შორის – ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები, Harpoon-ის კლასის გემსაწინააღმდეგო რაკეტები, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ისთვის განკუთვნილი 2000 რაკეტა და ასევე ATACMS-ის მიწა-მიწა კლასის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც მიზნის განადგურება 300 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლიათ.
ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ომში გარდამტეხი მომენტი შეიძლება იმ შემთხვევაშიც დადგეს, თუ უკრაინელებს უფრო შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებული სისტემები ექნებათ.
მაისში ვაშინგტონმა უარი თქვა კიევისათვის შორი რადიუსის მოქმედებების სარაკეტო სისტემების გადაცემაზე, იმის შიშით, რომ უკრაინა ასეთი შეიარაღებით შეძლებდა დარტყმების განხორციელებას რუსეთის ტერიტორიაზე.
The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში აშშ-მა უკრაინის შეიარაღებასა და სხვა სახით დახმარებაზე 15 მილიარდი დოლარი დახარჯა.


